თესაუ-ში პროექტის-„კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა)“_ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 6 აპრილს, საერთაშორისო პროექტის _ კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა“) _ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროექტის მენეჯერმა, თამარ ასლანიშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზანი, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.  თესაუ-ს პერსონალი გაეცნო განსახორციელებლი სამუშაოების ვადებს და სხვა აქტივობებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და პროექტის თანამშრომელთა მხრიდან დადებითად შეფასდა, რადგან აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კვლევის კეთილსინდისიერების ამაღლებას უნივერსიტეტებში.

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და  უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე. საქართველოს 10 უნივერსიტეტთან  ერთად კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

პროექტის არასაუნივერსიტეტო პარტნიორები  არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსდა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.