14-16 სექტემბერს ბათუმში გაიმართება კონფერენცია European Conference on Ethics and Integrity in Academia (ECEIA 26) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ მიღწეული შედეგების გასავრცელებლად და საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისთვის წარსადგენად.
ECEIA 26 აერთიანებს ევროპის სხვადასხვა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების აკადემიური და კვლევის კეთილსინდისიერების სფეროს მკვლევრებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პოლიტიკის შემქმნელებს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოსებს. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეთიკისა და კეთილსინდისიერების სფეროს თანამედროვე გამოწვევების, კვლევის შედეგებისა და ინსტიტუციური პრაქტიკის განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად.
ETHICS პროექტის საბოლოო დისემინაციის კონფერენცია კოორდინირებულად განხორციელდება ECEIA 26-ის ფარგლებში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება პროექტით გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და შექმნილი რესურსების წარდგენა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო აკადემიური წრეებისთვის.
ETHICS პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერება, პასუხისმგებლიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.
ECEIA 26-ის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და პოსტერების სესიებს. კონფერენციის ძირითადი თემებია: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკური გამოწვევები, აკადემიური თავისუფლება, ეთიკური პუბლიკაცია და ავტორობა, პოსტპლაგიატი, აკადემიური კეთილსინდისიერების სწავლება და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა.
კონფერენციაზე გაიმართება ETHICS პროექტისადმი მიძღვნილი სპეციალური სესიები, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება პროექტის ძირითადი შედეგები და შეძენილი გამოცდილება. ეს იქნება პროექტის ოთხწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისა და პროგრესის შეფასების შესაძლებლობა. მონაწილეები ასევე განიხილავენ გზებს, რომლებიც კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით შექმნილი ინიციატივებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონფერენციის პროგრამის, რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ECEIA 26-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://academicintegrity.eu/conference/
2026



