ჩარლზის უნივერსიტეტის გამოცდილება
ჩარლზის უნივერსიტეტი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩეხეთში, ის ქვეყნის მასშტაბით ამზადებს სპეციალისტებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში, სწავლების სამივე საფეხურზე. მოცემულ დოკუმენტში საუბარია სტუდენტთა ეთიკის კოდექსზე, კვლევის კეთილსინდისიერბის წესზე, პლაგიატის დეტექციისა და პრევენციის მექანიზმებზე. ასევე წარმოდგენილია რექტორის ბრძანებები სადოქტორო სწავლების მიმართულებით, სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და გამოქვეყნების მექანიზმები. აქვეა წარმოდგენილი ჩარლზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამოცდილება ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. დოკუმენტი ასევე აღწერს სტუდენტებისა და უნივერსიტეტში დასაქმებული ყველა პირის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ომბუდსმენის ინსტიტუტის გამოცდილებას.
მასარიკის უნივერსიტეტის გამოცდილება
მასარიკის უნივერსიტეტი დაარსდა მეოცე საუკუნის დასაწყისში და ამჟამად სიდიდით მეორეა ჩეხეთში. ის აერთიანებს ათ ფაკულტეტს და მეცნიერების სხვადასხვა დარგს, საერთო ჯამში, 35 000-მდე სტუდენტით. მოცემულ დოკუმენტში საუბარია მასარიკის უნივერსიტეტში მოქმედ ეთიკის კომიტეტის მუშაობის პრინციპებზე და თავისებურებებზე. ასევე დეტალურად არის წარმოდგენილი უნივერსიტეტში არსებული პლაგიატის პრევენციისა და დეტექციის მექანიზმები.
ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის გამოცდილება
ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაარსდა. უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულება აერთიანებს რამდენიმე საავადმყოფოს, სადაც სასწავლო-კვლევითი პროცესიც მიმდინარეობს. მოცემულ დოკუმენტში საუბარია კვლევის ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და პრაქტიკაზე, რომელიც ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს. აქვეა წარმოდგენილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის და დოქტორანტებისთვის.
აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის გამოცდილება
აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია დაარსდა 2017 წელს თავდაპირველად 12 პარტნიორი უნივერსიტეტის გაერთიანებით. ამჟამად ის აერთიანებს 50-ზე მეტ უნივერსიტეტს, არამხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დანერგვა და პოპულარიზაცია უმაღლეს განათლებაში. ამ მიზნით ასოციაცია ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებს და საზაფხულო სკოლებს. ასევე ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს მოიცავს. წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ასოციაციის მუშაობის პრინციპები, ასევე აქტივობები, რომელსაც ის ახორციელებს და პროექტები, რომლებშიც ის მონაწილეობს, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.
კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი
კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი აღწერს პასუხისმგებლობებს პროფესიულ, იურიდიულ, სოციალურ, ეთიკურ და მორალურ კონტექსტში. მათ შორის იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც განსაზღვრავს კვლევის დაფინანსებისა და შეფასების კრიტერიუმებს.
გამოცემულია ბერლინში ALLEA-ს (All European Academies) მიერ 2023 ივნისში.
ქართული თარგმანი მომზადდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში.